ქანთრის ამერიკელი მომღერალი, დოლი პარტონი ერთ-ერთია იმ ცნობილ ადამიანთა შორის, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შესახებ შთაბეჭდილებები საზოგადოებას გაუზიარა. მუსიკოსი მოდერნას ვაქცინით აიცრა. აღსანიშნავია, რომ დოლი პარტონმა მოდერნას ვაქცინა მანამდე $1 000 000-ით დააფინანსა.
დოლი პარტონმა ვაქცინა სიმღერის ფონზე გაიკეთა. მან თავისი ერთ-ერთი ჰიტი, Jolene სპეციალურად ამ შემთხვევისთვის გადააკეთა და საკუთარი თავი და მაყურებლები სიმღერით გაამხნევა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი ხანია, ამ მომენტს ველოდი... ახლა ვცდილობ, სასაცილო ვიყო, მაგრამ ვაქცინაციის თემის მიმართ სერიოზულად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ყველას გვსურს, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, როგორიც არ უნდა იყოს ის", — განაცხადა მომღერალმა.
ვიდეოთი დოლი პარტონმა ვაქცინის გაკეთებისკენ სხვებსაც მოუწოდა. ამის შემდეგ მომღერალმა პირბადე გაიკეთა და აიცრა. მისი თქმით, ვაქცინაცია მტკივნეული არ აღმოჩნდა. "მე ეს შევძელი!" — ამ სიტყვებით გაუზიარა ბედნიერება მაყურებლებს ვიდეოს ბოლოს.