გასულ კვირას დოკუმენტური ფილმი Billie Eilish: The World's a Little Blurry გამოვიდა, რომელიც ბილი აილიშის პირველი ალბომის შექმნის პროცესს, კონცერტების ტურს და გრემის დაჯილდოებაზე მოპოვებულ წარმატებას ასახავს.
თუ ამ სტატიას კითხულობთ, ალბათ, იცით, რომ ბილი აილიში თანამედროვე მუსიკის მსოფლიო სენსაციად იქცა. სავარაუდოდ, ისიც უნდა იცოდეთ, თუ ვინ არის ორლანდო ბლუმი, თუმცა აი ბილიმ კი ეს არ იცოდა...
უკვე ხსენებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ, თუ როგორ ხვდება ბილი აილიში სხვა ცნობილ ადამიანებს მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე გამოსვლის შემდეგ. მათ შორისაა კეტი პერიც, რომელიც ბილის შემდეგ სიტყვებს ეუბნება: "შენი დიდი ფანი ვარ, მაგრამ ჩემი საქმრო... ის მხოლოდ შენს სიმღერებს უსმენს მანქანაში".
ამ დროს ჩნდება ორლანდო ბლუმიც, ადასტურებს, რომ ყველაზე ხშირად Bad Guy-ს უსმენს და ბილი აილიშს ეხუტება, თუმცა, როგრც მერე გაირკვა, თავად მომღერალს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ორლანდო ბლუმი.
მათთან შეხვედრის შემდეგ ბილი აილიშს თავისმა ძმამ, ფინეასმა აუხსნა, რომ ორლანდო ბლუმი "უილ ტერნერია კარიბის ზღვის მეკობრეებიდან".
ბილი აილიშს ამის დაჯერება გაუჭირდა: "წარმოდგენა არ მქონდა, რომ ის იყო. მეგონა, უბრალოდ ვიღაც კაცი იყო, ვისაც კეტი პერი ხვდება", — ამბობს ის ფილმში.
ამის შემდეგ ორლანდო ბლუმთან შეხვედრა ხელახლა მოითხოვა, გაუმხილა, რომ ბავშვობაში სწორედ ის იყო მისი გმირი და ძალიან უყვარდა.
გულთბილი ჩახუტების შემდეგ ბილიმ სიამაყით აღნიშნა: "ახლა უკვე ვიცი, ვინც არის!"
ამ სცენამ უამრავი ადამიანი გაამხიარულა და სოციალურ ქსელებშიც იუმორით გამოეხმაურნენ. მაგალითად, კეტი პერის ფოტომიმი გამოიყენეს შემდეგი წარწერით: "ორლანდო ბლუმი უყურებს ბილი აილიშის დოკუმენტურ ფილმს:"
მოკლედ, ბილი აილიში თავის ფანებს ყოველთვის ახალ მიზეზს აძლევს, რომ მუდამ ძალიან, ძალიან უყვარდეთ.