მიხეილ სარჯველაძე: სჯობს, უფრო პრაქტიკული და საჭირო საკითხებით დავკავდეთ - არ არსებობს არავითარი წინაპირობა იმისა, რომ რაიმე სახის სანქციების დაკისრებაზე ვისაუბროთ

მიხეილ სარჯველაძე: სჯობს, უფრო პრაქტიკული და საჭირო საკითხებით დავკავდეთ - არ არსებობს არავითარი წინაპირობა იმისა, რომ რაიმე სახის სანქციების დაკისრებაზე ვისაუბროთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიას დაპატიმრების გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაკისრებას გამორიცხავს.

სარჯველაძის შეფასებით, სანქციებზე საუბარი აზრს მოკლებულია.

„სჯობს, უფრო პრაქტიკული და საჭირო საკითხებით დავკავდეთ, როგორიცაა იგივე მოლაპარაკების პროცესი. არავითარი წინაპირობა იმისა, რომ რაიმე სახის სანქციების დაკისრებაზე ან საქართველოს ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.

უმრავლესობის დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მელიას დაკავების საკითხზე არგუმენტები აქვს და არ თვლის, რომ დემოკრატიის განვითარების კუთხით ნაბიჯი უკან გადაიდგა.

„პირიქით, ის რასაც სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარება ჰქვია, ამის დემონსტრირება იყო, რაც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. ეს ის ღირებულებაა, რასაც ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო უფრთხილდება და აფასებს. მას შემდეგ რაც, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები რეალურ მდგომარეობაში ერკვევიან, მათი განცხადებები და დამოკიდებულბებიც არსებითად იცვლება. ამის დასტურია ევროკავშირის ბოლო განცხადება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.