დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ წინაპრებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა 100 წლის წინ დაღუპული იუნკრების ხსოვნას მიაგეს პატივი.
„ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის არის ძალიან შთამბეჭდავი ისტორია და არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, როდესაც მას საფრთხე ემუქრება. 100 წლის შემდეგ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის, მივიყვანთ ბოლომდე, მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით.
ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველო გამთლიანდება, დევნილები დაბრუნდებიან სახლებში და ჩვენ აღვადგენთ ხიდებს, რომელიც სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ დაანგრია და საზოგადოება დღეს ხელოვნურად არის მავთულხლართებით დაყოფილი. ეს მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაინგრევა, როგორც თავის დროზე დაინგრა ბერლინის კედელი და დაინგრა ბევრი სხვა ბარიერი, რომელიც იყო დროის, პროგრესისა და ჰუმანიზმის წინააღმდეგ“, - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.