პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა კოჯორში, 100 წლის წინ დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ღარიბაშვილმა, არჩილ თალაკვაძემ და კახა კალაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
„25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკრებმა, გაწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამიტომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის, ხალხისა და ერის გაერთიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე და მინდა დიდი პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, - განაცხადა პრემიერმა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.