რიტორიკას არავინ ცვლის, პრინციპული დამოკიდებულებაა კანონთან და მის აღსრულებასთან დაკავშირებით და მეორე პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ვალდებულება, ვილაპარაკოთ საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და არა მხოლოდ იმაზე, თუ რა სურს ვთქვათ, „ნაცმოძრაობას”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, რიტორიკასთან დაკავშირებით, რაზეც საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ, როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს.
„ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს იმ ფონზე, როცა რთულია ახსნა, როცა დაკავებულია კონკრეტული პარტიის ხელმძღვანელი, რომელსაც შეიძლება ფორმალურად უჭირავს თავმჯდომარის თანამდებობა. ეს პირველი ნიუსი, რომელიც გადის ქვეყნის გარეთაც, ერთი შეხედვით არის დამაზიანებელი და ამაში ვეთანხმები, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება არ მიუღია ხელისუფლებას, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, არის თავად ის ადამიანი, რომელიც დღეს პატიმრობაშია. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, რომ ამ დეტალების შესახებ უფრო ბევრი დისკუსია და მსჯელობა გაიმართოს და ჩვენი ოპონენტების პროვოკაციული ქმდებები არ გახდეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის კრიტიკის საფუძველი. რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ არასდროს გვითქვამს ამაზე უარი, უნდა ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რა აწყობს „ნაცმოძრაობას“. თავი დაანებოს ყველამ პროვოკაციებს, რომლებიც, როგორც ვხედავთ საბოლოო ჯამში, ქვეყნის წინააღმდეგ მიემართება ხოლმე. რიტორიკას არავინ ცვლის, ერთი - პრინციპული დამოკიდებულებაა კანონთან და მის აღსრულებასთან დაკავშირებით და მეორე - პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ რაც არ უნდა ინტერესები ჰქონდეს რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ეს ჩვენ ვიქნებით, „ნაცმოძრაობა“ თუ სხვა, ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ვალდებულება ვილაპარაკოთ საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და არა მხოლოდ იმაზე, თუ რა სურს ვთქვათ, „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა მდინარაძემ.