შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევჯერდით

შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევჯერდით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში პრაქტიკულად ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

„ფაქტობრივად, ყველა საკითხზე შევჯერდით და ეს შეჯერებული ვარიანტი ეფუძნება როგორც ქვეყნის შიგნით კონსენსუსს, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს. გაიზრდება ვადა და რამდენიმე თვით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნებიან საარჩევნო უბნების წევრები. შევთანხმდით, რომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ შესწორების ოქმების შედგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უბნის გადათვლის საფუძველზე. შეიქმნება საჩივრების წარდგენის ელექტრონული პორტალი, რომელზეც საჩივარი ელექტრონულად აიტვირთება და მისი ხელით შეტანა აუცილებელი არ იქნება. თუკი საოლქო კომისია ან ცესკო სამართალდარღვევის ოქმს არ შეადგენს, შესაძლებელი იქნება ამის სასამართლოში გასაჩივრება.
შეთანხმებულია საკითხები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და 100-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მეოთხე სხდომა გაიმართა.