სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი მმართველ პარტიას და ოპოზიციას მოუწოდებენ, დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადადგან

სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი მმართველ პარტიას და ოპოზიციას მოუწოდებენ, დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადადგან

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს მთავრობას და ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, დაუყოვნებლივ გადადგან საჭირო ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისთვის არის საჭირო, რათა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა“,- ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკისგან და დიალოგს დაუბრუნდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება სარგებლის მომტანი არანაირად არაა და არ წარმოადგენს კრიზისის დაძლევის გზას.

ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო შეძლებს ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას ისე, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები საფრთხის წინაშე არ დადგეს, არის ის, რომ ყველა მხარემ უკან დაიხიოს, თავი შეიკავოს რიტორიკისა და ქმედებებისგან, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს და კვლავ ჩაერთოს დიალოგში“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.