მამუკა მდინარაძე: ადამ კინზინგერის პოზიცია თავის ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული იყო

მამუკა მდინარაძე: ადამ კინზინგერის პოზიცია თავის ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული იყო

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი მსგავს შეფასებებს აკეთებდნენ იმ პოლიტიკოსებთან მიმართებითაც, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში იყვნენ ბრალდებული.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამერიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერს განსხვავებული შეფასებები ჰქონდა საქართველოსა და აშშ-ში მომხდარი მსგავსი მოვლენების დროს.

„რიში და შაჰინი 2012 წლიდან, სამწუხაროდ, ზუსტად ანალოგიურ პოზიციას იჭერენ. სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ კონკრეტულ დანაშაულში მხილებული, ბრალდებულები და შემდეგ მსჯავრდებულები, მათი მხრიდან იყვნენ ასეთივე დაცვის ობიექტები.

რაც შეეხება კინზინგერს, აქაც შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენი და მისი პოზიცია ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, როცა მისი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავის ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.