დავით ბაქრაძე: რასაც დღეს ვხედავთ, აღარ არის კრიტიკის ტალღა, ეს კრიტიკის ზვავია - თუ პროცესები ასე გაგრძელდა, სანქციების შემოღება რამდენიმე თვის საკითხია

დავით ბაქრაძე: რასაც დღეს ვხედავთ, აღარ არის კრიტიკის ტალღა, ეს კრიტიკის ზვავია - თუ პროცესები ასე გაგრძელდა, სანქციების შემოღება რამდენიმე თვის საკითხია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში პროცესები ასე გაგრძელდება და პოლიტიკურ დინამიკაში რადიკალური გარდატეხა არ მოხდება, სანქციების შემოღება დროის საკითხი იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოწმობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაუაზრებელი ქმედებებით ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა.

„ის, რასაც დღეს ვხედავთ, აღარ არის კრიტიკის ტალღა, ეს არის კრიტიკის ზვავი, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა დაატეხა საკუთარ თავსაც და დაატეხა ჩვენს ქვეყანას. როდესაც ამერიკის კონგრესის ორივე პალატის ოთხი წამყვანი კონგრესმენი, ვის ხელშიც არის აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ოფიციალურად დაწერილ ტექსტში იყენებს ტერმინს „პოლიტიკური პატიმარი“ და ახსენებს კონკრეტულ გვარებს, როდესაც ეს ადამიანები ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ამბიცია არის წარსულში და გვეუბნებიან, რომ რაც დაგრჩათ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, იქედან მაინც ნუ გადაუხვევთო, ეს არის კატასტროფა. ამ კატასტროფაში დღეს ქვეყანა და საკუთარი თავი შეიყვანა „ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა საკუთარი გაუაზრებელი ქმედებებით. ამიტომ, დღეს ჩვენი ქართული საზოგადოების ვალდებულებაა, დავანახოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართული საზოგადოება და საქართველო არ არის „ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ნორმალურ მომავალს, განვითარებას და დასავლეთთან ურთიერთობას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთი მცირე გუნდის გაუაზრებელ რადიკალიზმს გადაყვეს ეს ქვეყანა, ჩვენი და ჩვენი შვილების დასავლური და ნორმალური პერსპექტივა. ეს ზვავი მოდის დღეს დასავლეთიდან. თუ „ქართული ოცნება“ ასეთ მოქმედებას გააგრძელებს, ეს ზვავი მათ წალეკავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საფრთხე არის სხვა, ამ ზვავში არ ჩაყვეს საქართველო და არ დავუშვათ, რომ „ქართული ოცნების“ გამო, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს საფრთხე შეექმნას. ამ გზაზე გარდაუვლად იქნება სანქციებიც. მე ყოველთვის სკეპტიკურად და ძალიან ფრთხილად ვუყურებდი სანქციების რეალისტურობას, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“, სანქციების შემოღება უბრალოდ დროის საკითხია, ის აუცილებელად იქნება. ცუდია, როდესაც შენს ქვეყანაში, თუნდაც ცუდ მთავრობას სანქცია დაედება, მაგრამ ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, სხვა გამოსავალს არ ტოვებს. დარწმუნებული ვარ, თუ პროცესები ასე გაგრძელდა და პოლიტიკურ დინამიკაში რადიკალური გარდატეხა არ მოხდა, სანქციების შემოღება დროის და რამდენიმე თვის საკითხია“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები კეთდება.

amo ყელმოღერებულო ბაქრაძევ ვითომ ვერ ხვდებით ოპოზიცია, რომ რუსეთის საქმეს აკეთებთ, თან დასავლეთის ოპოზიციაც გვერდში ამოიყენეთ და ორ ხმაში უბერავთ. კიდევ კარგი ხალხი პოლიტიკურად გაიზარდა და იგნორს გიკეთებთ.
4 წლის უკან
Ninja მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, დღეს დასავლეთმა მოგიწოდათ თავი შეიკავეთ პროვოკაციებისგანო. ვოტ ტაკ.?
4 წლის უკან