არ ვიტყოდი, რომ პრემიერ-მინისტრის რიტორიკაში რაიმე ცვლილება იყო. პრემიერის განცხადება ყოველთვის აერთიანებდა როგორც დიალოგისკენ მოწოდებას, ასევე სამართლებრივ უკომპრომისობას,- ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. უმრავლესობის წევრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებში წინააღმდეგობას ვერ ხედავს.
„აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი წამყვანი ფიგურისათვის ძალიან ორგანულია, იმუშაოს იმაზე, რომ სახელმწიფო, ხალხი იყოს გაერთიანებული და იმ შემთხვევებში როცა აუცილებელია სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი პოზიციის დაფიქსირება, ის ხისტი და უკომპრომისო უნდა იყოს. ირაკლი ღარიბაშვილი ამ ორ თვისებას აერთიანებს, რაც მის გამოსვლაშიც კარგად გამოჩნდა“, - განაცხადა ხელაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის აქციებს შედეგი უკვე მეხუთე თვეა არ მოაქვს.
„უკვე მეხუთე თვეა, ოპოზიციის აქციები ხამუშ-ხამუშ მიმდინარეობს, მაგრამ მათ რაიმე შედეგის მოტანა არ შეუძლია, რადგან ეს განსხვავებული სახელმწიფოა და დიდი ხანია, საქართველოში აქციებით რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. არ ჩანს, ხალხის პოლიტიკური ნება, რაიმე აქციებით შეიცვალოს. მოლაპარაკებები ყოველთვის ჩვენი წამყვანი თემა იყო და მოლაპარაკებებს წინ არაფერი არ უდგას, გარდა ულტიმატუმებისა. როცა ულტიმატუმებია, ცხადია მოლაპარაკების პროცესი ყოველთვის ჩიხში შევა.ნიკა მელიას პატიმრობა სამართლებრივი საკითხი იყო და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შემადგენელს ვერ ვხედავ“,- განაცხადა დეპუტატმა.