აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში მისი ლიდერ ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ფუნდამენტურად შემაშფოთებელია, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებისა და კონგრსმენების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
„საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც ქართული დემოკრატიისგან და მისი ევროატლანტიკური გზისგან დარჩა. მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მას ხელს ხელს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი აწერენ.