გამოსავალი დიალოგშია, მხარეები უნდა დასხდნენ და ისაუბრონ, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებამ დიალოგის პროცესი კიდევ უფრო გაართულა და ჩიხში შეიყვანა. „თუმცა საბოლოო ჯამში, დიალოგის გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და მოლაპარაკებების მაგიდის ერთ მხარეს უნდა იყოს, ეს სწორია. მონდომების შემთხვევაში, იურიდიული მექანიზმები მოინახება, რომელიც შესაძლებელს გახდის მის გათავისუფლებას. ეს არ არის პრობლემა“, - განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანი აცხადებს, რომ ის საქმე, რომელზეც ნიკა მელიას ბრალი აქვს წარდგენილი, არის პოლიტიზირებული. „აქედან გამომდინარე მგონია, რომ ხელისუფლება სასამართლოში თავიდანვე ერეოდა, როცა ამ საქმეზე ბრალი წაეყენა არა მხოლოდ მელიას, არამედ 20 ივნისის სხვა მონაწილეებს და არც ერთ სხვა პოლიციელს. კადრებში ჩანდა, რომ მათ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბეს, თუმცა ისინი არ არიან პასუხისგებაში მიცემული“, - განაცხადა იოსელიანმა.