დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს, თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები - მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ღირსებას, სამართლისა და კანონის უზენაესობას.
„მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს, რომელმაც უზრუნველყო საკმაოდ რთული ოპერაციის სანიმუშოდ, ყოველგვარი ძალის გადამეტების გარეშე ჩატარება, სახელმწიფოს ღირსების დაცვა და კანონის აღსრულება. რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.