საქართველოში არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, სადაც ინვესტორს შედარებით პროგნოზირებადი და დაბალი რისკის პირობებში შედარებით მაღალი მოგების მიღება შეუძლია, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ კითხვას, რატომ უნდა ჩადოს უცხოელმა ინვესტორმა ფული საქართველოში.
„მინდა გამოვყო ყველაზე მთავარი, რასაც ინვესტორები აქცევენ ყურადღებას. ეს არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, სადაც ინვესტორს შედარებით პროგნოზირებადი და დაბალი რისკის პირობებში შედარებით მაღალი მოგების მიღება შეუძლია. ეს არის ერთგულება რეფორმების კურსისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ინვესტორს დახვდება პროგნოზირებადი თამაშის წესები და ევროპული კანონმდებლობა. ეს არის ბიზნესის თავისუფლების მაღალი ხარისხი, არჩარევა ბიზნესის საქმიანობაში, ყველა რეიტინგის მიხედვით ყველაზე დაბალი ბიუროკრატია და ნაკლები შეხების წერტილი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და ეს არის ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები. ჩვენთვის პრიორიტეტულია ინვესტიციების ორი მიმართულება. პირველია ხარისხიანი ინვესტიცია, მეორე კი მაღალ დასაქმებაზე ორიენტირებული ინვესტიცია, რაც ყოველთვის ერთი და იგივე არაა“, - განაცხადა თურნავამ.
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.