ბექა ოდიშარია: მხარს ვუჭერ მთავრობის შემადგენლობას, იმიტომ რომ მას სათავეში ჩაუდგება ირაკლი ღარიბაშვილი

ბექა ოდიშარია: მხარს ვუჭერ მთავრობის შემადგენლობას, იმიტომ რომ მას სათავეში ჩაუდგება ირაკლი ღარიბაშვილი

მხარს ვუჭერ წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას, იმიტომ რომ მას სათავეში ჩაუდგება ირაკლი ღარიბაშვილი, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„დღევანდელი დღე გვაძლევს იმის საშუალებას და ვალდებულებას, რომ გავცეთ პასუხი ხმის მიცემის ბიულეტენში - რატომ ვუცხადებთ ნდობას წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას. კითხვები ბევრი მაქვს, მაგრამ ჩვენ იმდენად კარგი სამუშაო ურთიერთობა გვაქვს, რომ არავის მოეჩვენება ხელოვნურად, თუ მე ახლა პირდაპირ შეკითხვა არ დავსვი. პირველ რიგში, მხარს ვუჭერ წარმოდგენილ მთავრობის შემადგენლობას, იმიტომ რომ მას სათავეში ჩაუდგება ირაკლი ღარიბაშვილი. ახლა ჩვენ ყველა კარგად ვისმენთ, კომუნიკაციაში არის მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკურ ძაბრში დაავიწროვონ ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულება, მის შესაძლებლობებზე თუ გაკეთებულ საქმეებზე და მე სიამოვნებით გავამახვილებდი ყურადღებას და ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ საზოგადოებას შევახსენებდი, რომ მათ შორის ახლა ჩვენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს განვხილავთ და ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან არის დაკავშირებული კონკრეტული წარმატებები და ე.წ. „მაილსთონები“ ქართულ პოლიტიკაში. გარდა იმისა, რომ ირაკლი ღარიბასვილი არის გამოცდილი, ახალგაზრდა, ენერგიული და ა.შ. და საერთაშორისო ასპარეზზე ბევრ სხვაზე უფრო კარგად მიღებული პოლიტიკოსი. მეორე რიგში, წარმოდგენილი პროგრამაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიასპორასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი აბზაცები, სადაც ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ პრაქტიკულად ერთობლივად არის გამყარებული ამ ჩანაწერით“, - განაცხადა ოდიშარიამ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.