ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრენი, რომ ნებისმიერი საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს და დარეგულირდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
ამასთან, მიქანაძე აცხადებს, რომ როცა ოპონენტებს არჩევნებთან დაკავშირებით გაუჩნდათ კითხვები „ქართული ოცნება“ შეეცადა, რომ ეს პროცესი ქუჩაში არ გასულიყო და მომხდარიყო საკითხის გადატანა მოლაპარაკების მაგიდასთან.
„პროცესი რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ამიტომ ვითხოვეთ, რომ ჩართულიყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩები საქართველოში. თქვენ ნახეთ, რომ ოთხი რაუნდი გაიმართა, და დღეს გარკვეული შედეგები გვაქვს. დღეს პარლამენტში სამი პარტია გვყავს წარმოდგენილი“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე, ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს ასახული საქართველოს პარლამენტში. „ჩვენ შეგვეძლო შეგვეწყვიტა უფლებამოსილება იმ 51 დეპუტატისთვის, რომელმაც დაწერა განცხადება, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ და დავტოვეთ არეალი, სადაც ეს ადამიანები კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდნენ, ეს ადამიანები აწონიდნენ სიტუაციას, ქვეყნის საკეთილდღეოდ დაფიქრდებოდნენ, რომ ადამიანები არ შეუშინდნენ პანდემიას, მივიდნენ არჩევნებზე და მათ ხმა მისცეს“, - განაცხადა მიქანაძემ.
ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.