ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, მათი მხრიდან პოზიციების მიყურადება და ამ პოზიციების გაზიარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის განცხადებით, საქართველო ბევრი საფრთხის წინაშე დგას და სწორედ უცხოელი პარტნიორების ჩართულობითა და მხარდაჭერით, ქვეყანა ამ გამოწვევებს ძალიან ღირსეულად უმკლავდება
„სწორედ ამ პროცესში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ყოველთვის ვანიჭებდით, ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების რჩევებს და ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით მათგან წამოსულ გზავნილებს, კონკრეტულ სიტუაციებთან მიმართებით“, - აღნიშნა მიქანაძემ.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტუაციას, მიქანაძე ამბობს, რომ ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ პარტნიორები ორიენტირებულნი არიან ქვეყნის განვითარებას ხელი შეუწყონ. „ამ კონტექსტში, რადგან არის პოლიტიკური დუღილი, დეესკალაციისკენ მოგვიწოდებენ. თუმცა არცერთ განცხადებაში არაა ნათქვამი, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს. იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორები და ზოგადად დემოკრატიული საზოგადოება და ის დასავლური სტანდარტები, რომლისკენაც არაერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით და რეფორმებს ვახორციელებთ, მიუთითებს იმაზე, რომ ადამინების უფლებების დაცვა, კანონისა და სამართლის უზენაესობა და პატივისცემა ესაა ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრივი მშენებლობა ეფუძნება მეცხრე წელია და რომელიც არის ჩვენი ხელისუფლების განმსაზღვრელი მიმართულება.
დღეს თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო ითვლება ლიდერ ქვეყნად, ეს არა მხოლოდ სიტყვები. ეს არის საქმით დამტკიცებული. იმიტომ რომ ადამიანების უფლებების მხრივ, სასამართლოს უზენაესობისა და გატარებული რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო არის წინ“, - განაცხადა მიქანაძემ.