ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პარასკევს ადმინისტრაციის თანამშრომლებს სელფით გამოემშვიდობა, სურათი კი სოციალურ ქსელში ატვირთა. შაბათის შუადღისთვის ამ ერთი ფოტოს მოწონებების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა და 175 000-ს გადააჭარბა. ვინ არის საზოგადოების ეს მასა და რას უნდა მიანიშნებდეს თავად გახარიასთვის ამდენი მოწონება?
როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ეს ის ხალხია, ვინც ე.წ. მესამე ძალას ელოდება და არც „ქართული ოცნება" და არც „ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა.
„ეს ის ხალხია, ვინც ჩემსავით რაღაც მესამეს ელოდება, კომუნისტები, რომ მიდიოდნენ ჩანდა გამსახურდია, გამსახურდია რომ მიდიოდა - შევარდნაძე ჩანდა, შევარდნაძე რომ მიდიოდა - ჟვანია-სააკაშვილი ჩანდა, სააკაშვილი რომ მიდიოდა ივანიშვილი ჩანდა. ახლა ხალხი იმიტომ არ გამოდის და ნიჰილისტური განწყობა იმიტომაა, რომ არავინ ჩანს და არჩევანი ძველსა და ძველს შორის აქვს, მათ უკვე ივანიშვილიც იციან ვინაა და სააკაშვილიც.
„ქართველები კი არ გაზარმაცდნენ, უბრალოდ მათ არჩევანი არ ჰქონდათ და ახლა ხალხმა გახარიაში ჩრდილში მყოფი გმირი დაინახა. ამ ფონზე კი ეს ლაიქები აშკარა მხარდაჭერაა. მას უნიკალური შანსი აქვს, რომ ამ ხალხს არ უღალატოს, რადგან მათ მოლოდინი აქვთ. გახარიას პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, სამწუხაროდ, ეს განცხადება ცქიტიშვილმა უკვე გააკეთა და კარგი იქნება თუ გადათქვამს.
„აშკარად ამ ლაიქებით ჩანს, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაუგო, აპატია და მიხვდა, თუ გავრილოვის ღამეს რა მოხდა. მათ გახარიას გულწრფელობა დაინახეს. შესაბამისად, საზოგადოება მზადაა, რომ მას მხარში ამოუდგეს. ცქიტიშვილი გახარიასთან ბმაში - ესაა საზოგადოებისთვის უნიკალური შესაძლებლობა.
„ცქიტიშვილის და გახარიას წამოსვლა საზოგადოებისთვის უნიკალური მესიჯია, რომ იქ შიდა კარის გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება კობახიძის გუნდმა დაიპყრო. აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი მათ უფრო ემხრობა. ამ ფონზე საზოგადოებაში გაჩნდა იმედი, რომ მესამე ძალა გამოჩნდა და ეს მესამე ძალა გახარიაა. მას პატივს ვცემ და როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე მოვუწოდებ, რომ პოლიტიკაში აუცილებლად მოვიდეს და ჩაუდგეს იმ ძალას, რომელიც ცალსახად და მკაფიოდ შეეწინააღმდეგება როგორც „ქართულ ოცნებას", ისე „ნაცმოძრაობას". მისთვის ცალსახად და მკაფიოდ თუ ორივე მიუღებელი იქნება, საზოგადოების დიდი ნაწილი მას გაჰყვება.
„პოლიტიკური ველი შესაძლოა თავდაყირა არ დააყენოს, მაგრამ შემდეგ არჩევნებზე, ან ახლა ადგილობრივზე, სულ ცოტა 10-12%-ს აიღებს. თუ იგი პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, ადგილობრივ არჩევნებზე უნდა დაიწყოს მუშაობა. თუ გახარია გაძლიერდა, „ოცნებიდან" მეტი ადამიანი წამოვა, ძალოვან სტრუქტურების მხარდაჭერა ექნება და ამ ხალხს თავის მხარეს წამოიყვანს, ის ახალ რეალობას შექმნის და კალაძეც კი შეიძლება მის მხარეს წამოვიდეს და კობახიძე და მისი გუნდი მარტო დატოვოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.