მერამდენე „ცხელ გაზაფხულს“ გვიანონსებენ? ბოლოს თვითონ რჩებიან ხოლმე ცივ ზამთარში. ასე რომ, ეს პროცესი, რომელსაც ისინი აგრძელებენ რადიკალიზაციისკენ და ექსტრემიზმისკენ არის კრახისთვის განწირული და ასეც დასრულდება, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „ცხელ გაზაფხულზე“ საუბრისას.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება რადიკალურ ძალებს ვითარების გამწვავების საშუალებას არ მისცემს.
„ჩვენ ცივი გონებით, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპით ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, ისინი დარჩებიან ცივ ზამთარში და იმ აზროვნებაში, რაც ვერ მოიშორეს და ვერ გადააფასეს ამ წლების განმავლობაში. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას რადიკალიზაციის, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.