თუ ვინმეს დაშლაზეა საუბარი, ამ დაშლის პროცესს ყოველდღიურად ვხედავთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. მგონი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ „ქართულ ოცნებაზე“ კი არა, მათზე იქონია დამღუპველი გავლენა. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დიდი დამსახურება „ქართული ოცნების“ გუნდის წინაშე არის ის, რომ ის წავიდა მაშინ, როდესაც შექმნა ძალიან გრძელი პოლიტიკური სკამი, ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი დატოვა გუნდის იმ წევრების სახით, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ ჩაანაცვლონ ერთმანეთი და ეს ცვლილებები არის ძალიან ბუნებრივი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში გულდასაწყვეტია პოლიტიკიდან გუნდის ზოგიერთი წევრის წასვლა.
„მაია ცქიტიშვილთან 2011 წლიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიღწვოდით ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთად ვიბრძოდით რეჟიმის წინააღმდეგ და შევცვალეთ რეჟიმი და იმის შემდგომ მრავალი წლის განმავლობაში, ის იყო ძალიან წარმატებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა მასთან როგორც მინისტრს, ისევე როგორც იყო ძალიან წარმატებული მინისტრი. ჩვენთან ერთად მოდიოდა, ასევე, ირაკლი ქარსელაძეც, ის იყო ადმინისტრაციაში მაია ცქიტიშვილის მოადგილე და შემდეგ იყო მინისტრის პირველი მოადგილე. ის პროექტები, რომლებსაც მაია ცქიტიშვილი ახორციელებდა, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად აკეთებდნენ, თუმცა არის ერთი პროექტი, რომელშიც ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის ირაკლი ქარსელაძეს, რომ არა ის, დღეს საქართველოს არ ექნებოდა C ჰეპატიტის პროგრამა ან არ ექნებოდა იმ ფორმით და იმ მასშტაბით, როგორითაც ის არის ახლა. მაია ცქიტიშვილი რჩება გუნდის წევრად, ის არის ჩემი მეგობარი, ისევე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარი“- განაცხადა სოზარ სუბარმა.