„ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ - ასე აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელებას. ეკონომიკის ყოფილ მინისტრის შეფასებით, 2014 წელს ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობას ჰქონდა კარგი დოკუმენტი მიღებული, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს.
„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს პრემიერ-მინისტრად მუშაობის გამოცდილება, მან მიიღო სათანადო წრთობა, როცა ამ თანამდებობაზე მოუწია პირველად მოღვაწეობა. მაშინ გარკვეული ხარვეზებიც ჰქონდა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილი და კონსტრუქციული პიროვნებაა. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა საქართველოს „სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“, რომელიც პრაქტიკულად სრულყოფილი დოკუმენტი იყო ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარების და რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ჩანაცვლებული იყო პრიმიტიული 4 პუნქტიანი გეგმით. ეს იყო უდიდესი შეცდომა. გასათვალისწინებელია, რომ მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამ ისტორიულ დოკუმენტებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ვფიქრობ, მას აქვს შანსი სწორად გაუძღვეს ქვეყნაში შექმნილ ვითარებას“, - განაცხადა ლადო პაპავამ.