,,მე არ მეგულება ამ ქვეყნის არცერთი ჭეშმარიტი გულშემატკივარი და პატრიოტი, ვინც ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარმატებას არ უსურვებს,- ასე ეხმიანება ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას.
როგორც ყიფიანი აცხადებს, მას მოლოდინი აქვს, რომ ღარიბაშვილის სახით ვიხილავთ არა მხოლოდ პარტიისგან მხარდაჭერილი პრემიერს, ასევე საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტს და ქვეყნის მტკიცე ლიდერს.
„ამის აუცილებლობას კარნახობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ არსებული ვითარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის კვალდაკვალ, ქვეყანამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააგდოს ესოდენ აუცილებელი პოლიტიკური ცვლილებების ტემპი, ისევე როგორც განუხრელად მისდიოს ევროატლანტიკური ინტეგრირების კონსტიტუციით განსაზღვრულ კურსს. დღის წესრიგში ასეთი მრავალმხრივობა და კომპლექსურობა პრემიერისგან, როგორც პოლიტიკური ლიდერისგან, სახელმწიფო მართვის განსაკუთრებულ ცოდნასა და კომპეტენციას მოითხოვს; ხოლო საზოგადოებრივი აზრის მრავალფეროვნების ფონზე კი, ასევე, ითხოვს განსხვავებული შეხედულებების მოსმენას, მათ მიმღებლობას და სწორი ანალიზის შედეგად რაციონალურ გადაწყვეტილების მიღებაზე საკუთარი გუნდის დაყოლიებას და საზოგადოების დარწმუნებას. ერთი სიტყვით, ჩემი მოლოდინია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახით ვიხილოთ არა მხოლოდ პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი პრემიერ- მინისტრი, არამედ საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტი და ქვეყნის მტკიცე ლიდერი. მე არ მეგულება ამ ქვეყნის არცერთი ჭეშმარიტი გულშემატკივარი და პატრიოტი, ვინც ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარმატებას არ უსურვებს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.