ლევან იოსელიანი: ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა

ლევან იოსელიანი: ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა

„ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა მისული“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებზე ჰკითხეს.

„ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა მისული და რა პროცესებს დაუდო სათავე იმ უპასუხისმგებლობამ, რაც საბოლოო ჯამში გამოიჩინა „ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. ვფიქრობ, რომ ალტერნატივა არ აქვს მოლაპარაკებას.

ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, თუ შეთანხმება შედგება. ეს დაამშვიდებს სიტუაციას ქვეყანაში, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს როდის იქნება და საერთოდ იქნება თუ არა, მთავარია, როგორ ჩატარდება. თუ არჩევნებს ნდობა არ ექნება, საარჩევნო რეფორმას ბოლომდე არ მივიყვანთ, მაშინ აზრი არ ექნება არც ერთ არჩევნებს. არჩევნები უნდა იყოს სანდო და მოქალაქეებმა არჩევნების გაყალბებასა და ხმების დაკარგვაზე არ უნდა იდარდონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.