ვახუშტი მენაბდე: ცესკო-ში თითოეული წევრი ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით უნდა დაინიშნოს

ვახუშტი მენაბდე: ცესკო-ში თითოეული წევრი ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით უნდა დაინიშნოს

სამუშაო ჯგუფს ვთავაზობთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ სრულად პროპორციული სისტემით, სიებით, ოღონდ, სიების წარდგენის უფლება უნდა მივანიჭოთ არა მხოლოდ პარტიებს და ბლოკებს, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებსაც, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, მათი პოზიციაა, რომ ცესკო-ში თითოეული წევრი დანიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით.

„არც თუ ისე კმაყოფილი ვიყავით წინა შეხვედრის დასრულების შემდეგ, რადგან ვერ დავინახეთ ენთუზიაზმი, რომ ყველაზე პრინციპული საკითხები გაეზიარებინათ, რაც ეხებოდა საარჩევნო სისტემას. დღეს ახალი წინადადებით ვართ მოსული. სამუშაო ჯგუფს ვთავაზობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ სრულად პროპორციული სისტემით, სიებით, ოღონდ, სიების წარდგენის უფლება უნდა მივანიჭოთ არა მხოლოდ პარტიებს და ბლოკებს, არამედ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებსაც. ამით გადავლახავთ იმ კრიტიკას, რომელიც არსებობს დღევანდელი პროპორციული სიების მიმართ, სადაც წარდგენის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ.

მეორე წინადადება ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას. ორ თემაზე ვსაუბრობთ, ერთია შერეული დაკომპლექტება პარტიული და პროფესიული, რასაც საია არ იზიარებს. მეორე ვერსია ეხება სრულად პროპორციულს, ეს მისაღებია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ დაკომპლექტების დროს სავალდებულო თანხმობის შესაძლებლობა. ანუ, ცესკო-ში თითოეული წევრი უნდა დანიშნოს ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით, როდის მოხდება ეს თანხმობა და ოპოზიციის რა პროცენტული ჩართულობა იქნება საჭირო, მზად ვართ, ამაზე ვიმსჯელოთ. ოპოზიციის როლი არსებითად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.