საქართველოში კანონზე მაღლა არავინ დგას. შესაბამისად, ნებისმიერი პირის მიმართ, გამოტანილი იქნება განაჩენი თუ განჩინება - აღსრულდება და ყველა ვინც ამას წინ დაუდგება, რეალურად სამართლიანობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
„სასამართლოს განჩინების აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ, რომელმაც გააკეთა განცხადება აღსრულების გარკვეულ ვადაში გადადებასთან დაკავშირებით. თეორიულად დღესაც შესაძლებელია ამის განხორციელება, მაგრამ იმის გამო რაც დღეს საქართველოში ხდება, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგა, უახლოეს დღეებში ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა ჩამოყალიბდეს და ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა დაინიშნოს, შესაბამისად შსს-მ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.