ევროკავშირის ანგარიში: საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნების თანახმად, საქართველოში 2020 წლის არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო

ევროკავშირის ანგარიში: საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნების თანახმად, საქართველოში 2020 წლის არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო

ევროკავშირმა საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2020 წლის განმავლობაში ქვეყნის მიერ თითქმის ყველა დარგში გატარებულ რეფორმებს ასახავს და მიღწეულ პროგრესს აფასებს.

ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში ასევე ვრცლად ეხება ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.

„2020 წლის 31 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიის რთული კონტექსტის მიუხედავად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით ჩატარდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისა და ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების დამკვირვებლების დასკვნების თანახმად, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ამასთან, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიში დადებითად აფასებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, რის შედეგადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა და ქვეყანა მყარად დააყენა იმ კურსზე, რომელიც 2024 წლისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მედია ლანდშაფტი პლურალისტური და კონკურენტუნარიანი დარჩა, თუმცა ძალიან პოლარიზებული.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება კვლავ აქტიურად იყო ჩართული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგში და კოვიდ-19-ის კრიზისის დროს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გაჭირვებულთა მხარდაჭერის კუთხით.