თუ პარლამენტში 113 ხმა ვერ შეგროვდა და ეს ცვლილებები ჩავარდა, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ოპონენტების დესტრუქციული ნაწილის გარეშე ხორციელდება ყველა პროგრესული რეფორმა. ასე იყო სრულად საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის დროსაც - ზეპირად ყველა ეთანხმებოდა, მაგრამ საქმეში არავინ ჩაერთო. საარჩევნო სისტემის ცვლილება და 1%-იანი ბარიერიც ყველას უნდოდა, თუმცა ოპონენტები საქმეში არ ჩართულან. არც ახლა გამიკვირდება, თუ ისინი გამოაკლდებიან ამ პროცესს და ასეთ შემთხვევაში 2024 წელს 5%-იანი ბარიერი გვექნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ის, რომ ბუნებრივი ბარიერი არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც განვიხილავთ, დასტურდება იმითაც, რომ მემორანდუმში საუბარია ბარიერზე 0-დან 3 პროცენტამდე. ეს საკითხი განხილვას საჭიროებს და სიჩქარე კარგი ნამდვილად არ იქნებოდა კარგი. ზოგადად, ფაქტია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები 1%-იანი ბარიერით ჩატარდა და ეს სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო. ამ კუთხით ჩვენ რაიმე პრინციპული მიდგომა არ გვაქვს და ოპონენტებსაც მოვუწოდებ, რომ ნუ იქნებიან პრინციპულები იმასთან დაკავშირებით, იქნება ეს 0,67, 1, 2 თუ 3 პროცენტი. მოდით განვიხილოთ ეს საკითხი და შევჯერდეთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გონივრულობის ფარგლებში იქნება ყველაზე კარგი. „ქართული ოცნება“, ჩვენი 90 დეპუტატით პასუხს ვაგებთ მიღწეულ შეთანხმებაზე, რომ ვიმსჯელოთ 3%-მდე მაინც ბარიერის ჩამოწევაზე. რაც შეეხება ოპონენტებს, ეს უკვე მათი არჩევანია. თუ 113 ხმა ვერ შეგროვდა და ეს ცვლილებები ჩავარდა, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ოპონენტების დესტრუქციული ნაწილის გარეშე ხორციელდება ყველა პროგრესული რეფორმა. ასე იყო სრულად საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის დროსაც - ზეპირად ყველა ეთანხმებოდა, მაგრამ საქმეში არავინ ჩაერთო. საარჩევნო სისტემის ცვლილება და 1%-იანი ბარიერიც ყველას უნდოდა, თუმცა ოპონენტები საქმეში არ ჩართულან. არც ახლა გამიკვირდება, თუ ისინი გამოაკლდებიან ამ პროცესს და ასეთ შემთხვევაში 2024 წელს 5%-იანი ბარიერი გვექნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მამუკა მდინარაძემ კი გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.