შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადები დაასახელა

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადები დაასახელა

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადები დაასახელა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, კომისიამ შედეგი 2-3 თვეში, თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა დადოს. მისივე თქმით, გასაგებია გარკვეული სკეფსისი კომისიის შემადგენლობის მიმართ, მაგრამ უფრო გადამწყვეტი პროცესის სანდოობა და გამჭვირვალობაა

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომისიის მუშაობის მიმართ ნდობის არსებობისთვის ორ გარემოებას აქვს მნიშვნელობა. ერთი არის პიროვნული შემადგენლობა და აქ შეიძლება ყველას ჰქონდეს თავისი დამოკიდებულება ცალკეული პირების მიმართ, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ჩვენს ოპონენტებს შეიძლება ჩვენი ნაკლებად სჯეროდეს და ეს გასაგებია. მაგრამ არის მეორე განზომილება - თვითონ პროცესი. ეს პროცესი ხომ ღია იქნება. ვნახეთ ჩვენ წინა საგამოძიებო კომისიების მუშაობის პრინციპები და როგორ მიდის პროცესი. ეს ყველაფერი გადაიცემა პირდაპირ ეთერში. ამას ხომ ყველა დავინახავთ, მედია გააშუქებს. თუ კი რაიმე პრეტენზია იქნება კომისიის მუშაობის სტილთან მიმართებით, 21-ე საუკუნეში ეს დაფარული არ იქნება და ყველა შენიშვნა, საყვედური იმ მომენტშივე გამოჩნდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს კონკრეტული პირების მიმართ პრეტენზიები აქვს, ეს საკითხი საგამოძიებო კომისიაზე შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად უნდა წარადგინოს.

„თუ კი ვინმეს რამე პრეტენზია აქვს პერსონალურად ვინმეს მიმართ, უპირველესყოვლისა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ეს პრეტენზია უნდა წარმოადგინოს და მტკიცებულებებიც მოიშველიოს თუ არსებობს ასეთ სახის პრეტენზიები. ვნახოთ რომ ყველა ეს ბრალდება ცესკოს მიმართ ჰაერზე იყო წაყენებული, ამიტომ ახლა კეთილი ინებონ და საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოიძიონ მტკიცებულება და რა თქმა უნდა, ჩვენც არ დავაყოვნებთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას“, - აღნიშნა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.