ძაბირაძე ნიკა მელიას გირაოზე: წარმოუდგენელია არ აღასრულო კანონი, ეს ის თემაა, სადაც ხელისუფლება მომგებიან პოზიციაშია

ძაბირაძე ნიკა მელიას გირაოზე: წარმოუდგენელია არ აღასრულო კანონი, ეს ის თემაა, სადაც ხელისუფლება მომგებიან პოზიციაშია

“არსებობს კანონი, სახელმწიფო ამ კანონს გვერდს ვერ აუვლის, იმიტომ, რომ თუ ის არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ეს იქნება, ფაქტობრივად, სახელმწიფო ფუნქციების აღსრულებაზე უარის თქმა”, – განაცხადა პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ნიკა მელიას მიერ გირაოს თანხის გადახდაზე უარის თქმის შესახებ საუბრისას.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ნიკა მელიას განცხადებას, მანდატის მოხსნასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილებს და შემდეგ გირაოს პატიმრობით შეუცვლის.

“არსებობს კანონი, სახელმწიფო ამ კანონს გვერდს ვერ აუვლის, იმიტომ, რომ თუ ის არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც კანონით არის გათვალისწინებული, ეს იქნება, ფაქტობრივად, სახელმწიფო ფუნქციების აღსრულებაზე უარის თქმა, ამიტომ სახელმწიფოს აქედან აქვს ძალიან მცირე გამოსავალი – გირასო ფორმა ან აღუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც კანონითაა განსაზღვრული, სხვაგვარად სახელმწიფო ვერ იმუშავებს და ვერ იფუნქციონირებს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მოუხსნის მელიას მანდატს, გაუუქმებს, დააკმაყოფილებს მის განცხადებას და შემდეგ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რაც არის საჭირო, ანუ შეუფარდებს, შეუცვლის გირაოს პატიმრობით”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “პრაიმტაიმთან”.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, გირაოს არგადახდის შემთხვევაში თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, ეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. პოლიტოლოგი გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილებამ “პროტესტის ტალღა ააგოროს”.

“პოლიტიკურ პროცესზე ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, რომ გითხრათ, რომ ეს ისეთ ძვრებს გამოიწვევს პოლიტიკურ ველზე, რომ რაღაც მოხდება, არამგონია. არ იღებენ ამ წუთში ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არსად არ ეჩქარებათ, მიიღებენ და არამგონია, რომ ამ გადაწყვეტილებამ პროტესტის ტალღა ააგოროს, ამაზე იქნება, რა თქმა უნდა, განცხადებები. ეს ის თემაა, სადაც ხელისუფლება მომგებიან პოზიციაშია.

წარმოუდგენელია არ აღასრულო კანონი, მელიას არ მოსთხოვო და შემდეგ სხვას, ჩვეულებრივ ადამიანს მოთხოვო იგივე და სხვა გადაწყვეტილება მიიღო. არამგონია, რომ ეს გააკეთონ ეს იქნება სისულელე”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “პრაიმტაიმთან”.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკამელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის 1 ნოემბერს ნიკა მელიამ თვითნებურად ელექტრონული სამაჯური მოიხსნა, ხოლო გირაოს გადახდაზე ამ დრომდე უარს აცხადებს.