ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ სახელმწიფომ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გაატაროს, რადგან მის მიერ გირაოს თანხის გადახდაზე უარის თქმა, პროვოკაციული ქმედებაა.
როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ნიკა მელია და მისი გუნდი ვერ ხვდება იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორები არ დაიცავენ მათ, ვინ შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა.
„ბუნებრივია უკანონო ქმედებაა და ეს არის ზუსტად იმის პროვოცირებისთვის, რომ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს და შემდეგ ატეხოს ყვირილი, დამიჭირესო.
ეს ყვირილი გათვლილია უცხოეთსა და დასავლეთზე. ხოლო ბოლო პერიოდში ჩანს, რომ დასავლეთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით კი, მათი, ვინც უშვერი სიტყვებით აგინა, დამცველი არ იქნება. არ არის კარგად გათვლილი რას რა მოჰყვება.
აგრეთვე არ არის გათვლილი ის, რომ თუ ხელისუფლებამ კანონი არ დაიცვა, ის ბევრ მომხრეს დაკარგავს, რადგან მათ აღიზიანებთ ასეთი შერჩევითობა სამართალში, თან შერჩევითობა „ნაციონალების“ მიმართ. წესით ხელისუფლებამ უნდა მკაცრად გაატაროს ის ხაზი, რასაც კანონი კარნახობს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის უმთავრესი კანონის უზენაესობა და სამართლებრივი საფუძვლის არსებობაა, რაც საპარლამენტო არჩევნების საკითხზე მათი პოზიციის დაფიქსირებისას კარგად გამოჩნდა.
„ის, რომ უცხოელი პარტნიორები ყოველთვის ითხოვენ სამართლებრივ საფუძველს, კარგად გამოჩნდა არჩევნების საკითხზე. მათ მოითხოვეს სამართლებრივი მტკიცებულებები იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა.
ასე იქნება ამ შემთხვევაშიც და საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებას სამართლებრივ მხარეზე გაამახვილებენ და არა შიდა პოლიტიკურ დავებზე, ვინაა ოპოზიცია და ვინ ხელისუფლება.
სიმკაცრის გამოჩენის შემთხვევაში, ისინი დააყენებენ საკითხს, იყო ამის საფუძველი თუ არა და პასუხი მე მგონი, მოიძებნება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკე მელიას გირაოს სახით 70 000 ლარის გადახდის ვალდებულება აკისრია.
ნიკა მელიას განცხადებით, იგი გირაოს გადახდას არ აპირებს და პოლიტიკური დევნის არ ეშინია.
გამოძიება მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.