ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ეწვივნენ.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გიორგი გახარიასა და მიხეილ ჩხენკელს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო. „უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების დიდი მოცულობა უკვე ჩატარებულია. კორპუსის ერთი ფლიგელი უკვე გარემონტდა. აუდიტორიები გამზადებულია, ველოდებით სტუდენტებს,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, თსუ მეორე კორპუსი პირველ კორპუსზე ორჯერ დიდია. შესაბამისად, ბევრად მეტი სამუშაოა ჩასატარებელი; კორპუსის მეორე ფლიგელში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს: მთლიანად შეიცვალა გათბობის სისტემა, გადახურვა, ჩატარდა გამაგრება. სამუშოების დასრულების შემდეგ, თსუ მეორე კორპუსი ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.
მთავრობის მეთაურმა და მინისტრმა განახლებული ფიზიკის დიდი აუდიტორია დაათვალიერეს. თსუ რექტორის თქმით, უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსში ჭკვიანი დაფა (ე.წ. სმარტ ბორდი) განთავსდა, რომელიც როგორც დისტანციური, ასევე სააუდიტორიო სწავლებისთვის გამოიყენება. მიმდინარე წელს, სწავლების დისტანციური პროცესის მხარდაჭერის მიზნით, ფონდმა „ქართუმ“ თსუ-ს 10 ცალი ჭკვიანი დაფა გადასცა.
„მიხარია, რომ მალე უნივერსიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეორე კორპუსი, როგორც ეკადრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიას და თანამედროვეობას. მინდა, ყველას მივულოცო უნივერსიტეტის იუბილე და განსაკუთრებით სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მთელ საზოგადოებას და ყველა უნივერსიტეტელს დიდი წარმატება ვუსურვო,“-აღნიშნა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელმა თსუ დამფუძნებლების ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის საფლავები გვირგვინებით შეამკეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა უნივერსიტეტელს მიულოცა უნივერსიტეტის დაარსების დღე და აღნიშნა, რომ „თსუ ქვეყნის მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა.“
ინფრასტრუქტურული სამუშაოები თსუ მეორე კორპუსში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლიდან რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე შესრულდა შენობის გამაგრების სამუშაოები, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპზე კი მიმდინარეობს შენობის სრული რეაბილიტაცია, ეწყობა სახანძრო და გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. სულ გარემონტდება 25 000 კვ.მ. ფართობი.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დაფინანსება საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტრომ გამოყო. შიდა სარემონტო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება.
პროექტის მთლიანი ღირებულება 27 მილიონი ლარია. მეორე კორპუსი იქნება სრულად თანამედროვე, ევროპული დონის კვლევისა და სწავლების სივრცე.
თსუ მეორე კორპუსი 1940 წელს არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის პროექტით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული.
2023 წლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება.