დღეს შედგა პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმა, როგორ ვაპირებთ მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტების ასახვას კანონმდებლობაში და ვთხოვეთ, რომ თავიანთი მოსაზრებები გამოაგზავნონ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს იყო გაცნობითი შეხვედრა და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. რაც შეეხება თამარ ჟვანიას, ლევან იოსელიანის განმარტევით, ის ცესკოს თავმჯდომარე ვეღარ იქნება.
„ეს რეფორმა ამას გულისხმობს. სხვა წესით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რაც ჩვენ დავდეთ. ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროს ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება, რადგან განსხვავებული წესი შემოდის ცესკო-ს დაკომპლექტების. ამ წესის მიხედვით ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის თანამდებობაზე აირჩიონ. თუ მემორანდუმი არ შესრულდება, პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.