თუ ადამიანი არის ალერგიული მტვრის, მცენარის, საკვების მიმართ, ასეთ პაციენტებზე არის საერთაშორისო რეკომენდაცია, რომ ისინი აცრის შემდეგ 15 წუთი იყვენენ დაკვირვების ქვეშ. საქართველოს კანონმდებლობით და ჩვენც ასე გვირჩევნია, რომ პაციენტი უფრო დიდხანს გვყავდეს დაკვირვების ქვეშ და თუკი ანამნეზში მას აქვს მსუბუქი ან მძიმე ალერგიული რეაქცია, დაყოვნდეს 30 წუთი, - ამის შესახებ „TVპირველის“ ეთერში ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, მაია გოთუამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამცრელ ბრიგადებს უტარდებათ ტრენინგი, მოიცავს ინფორმაციას შესაძლო გართულებებზეც. ასევე გაწერილია ის აღჭურვილობა, რაც მათ უნდა ჰქონდეთ ადგილზე მწვავე რეაქციაზე სწრაფი და მყისიერი რეაგირებისთვის.
„ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ შესაძლო გართულების ამოცნობა ადრეული ნიშნებით. თუ მოხდა ამ ადრეული ნიშნების პროგრესირება, რა მედიკამენტები უნდა იყოს გამოყენებული. გადამრჩენი ანაფილაქსიისთვის არის ადრენალინი. ყველა ბრიგადას ექნება ალგორითმი, რა მოქმედების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ ეს აცრები გაკეთდება კლინიკებსა და საავადმყოფოებში, რომელთაც აქვთ გადაუდებელი დახმარებისა და ინტენსიური თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა. საჭიროების შემთხვევაში დაიწყებს დახმარებას ბრიგადა და მას აუცილებლად დაეხმარება სტაციონარული ჯგუფი, თუ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა გოთუამ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს. ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო ყველა იმ კლინიკას შეისწავლის, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.