ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიაში შესვლით არჩევნების „გაპრავება“ მოუწევდათ

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიაში შესვლით არჩევნების „გაპრავება“ მოუწევდათ

ოპოზიციას უჭირს საგამოძიებო კომისიაში შესვლა, რადგან ეს კომისია დაადასტურებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეშინია თუ არა ოპოზიციას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის, კობახიძე ამბობს, რომ ეს მათი პირადი საუბრებიდან ჩანს.

„ეს მათი პირადი საუბრებიდან ჩანს. იყო ასეთი შემთხვევები. ოპოზიცია პირადი საუბრებისას გვეკითხებოდა, თუ რამდენად აღმოჩნდებოდა იქ 1%-ზე მეტი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ვართ წელგამართული, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა, მაშინვე ამბობდნენ, რომ მათ საგამოძიებო კომისიაში შესვლით მოუწევდათ არჩევნების „გაპრავება“. ეს იყო მათი მესიჯი, რაც ღიმილისმომგვრელია.

რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მათთვის ერთი მხრივ, ამ რიტორიკის გამო რთულია პარლამენტში შესვლა და ბუნებრივია, კიდევ უფრო რთულია, საგამოძიებო კომისიაში შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომისია დაადასტურებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით საუბარი ოპოზიციასთან არაერთხელ ჰქონდათ და დებატებიც შესთავაზეს.

„ჩვენ მათ დავუმტკიცეთ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მათ შორის დავუმტკიცეთ ის, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ, ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, 8%-იანი მაჩვენებელი და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.