რადიკალური ოპოზიციის რესურსი საქართველოს იმიჯის დაზიანების კუთხით სერიოზულად შემცირებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და მის ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.
„დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან - როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში ჩვენს ხელისუფლებას - ქვეყანას და ხელისუფლებას, ხაზგასმით ვამბობ ამას, აქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა და იმ ვითარებაში, რაც ჩვენ მივიღეთ არჩევნების შემდეგ, სერიოზულად არის შესუსტებული რადიკალური ოპოზიციის პოზიციები. ეს ყველაფერში ძალიან კარგად ჩანს. ამას ემატება ასევე თვითლუსტრაცია, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. ვხედავთ, რომ ისინი ღიად უპირისპირდებიან დასავლურ ინსტიტუტებს, ამ ქვეყნების და ინსტიტუტების წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში ელჩებს. ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება პროცესი. ანუ მიმდინარეობს თვითლუსტრაცია იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებსაც არ შესწევთ უნარი დადებითი წვლილი შეიტანონ დემოკრატიული პროცესების განვითარებაში და ამის საპირწონედ ძლიერდებიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც კონსტრუქციული წვლილის შეტანის სურვილი და რესურსი აქვთ“, - განაცხადა კობახიძემ.