ზაზა გახელაძისთვის 11-წლიანი პატიმრობის შეფარდება, ესაა ყველა ჩვენთაგანის სასჯელი, იმისთვის რაც ცოტა ხნის წინ მოხდა სტრასბურგში, ამით რუსეთმა გაღიზიანება გამოხატა. - ამის შესახებ ტელეკომოანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროკავშირის ელჩს, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, ყველა საერთაშორისო მექანიზმი და ყველა შესაძლო ბერკეტი, რომ ეს კონკრეტული პრობლემა ძალიან მალე დასრულდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამაზე რთული თემა პოზიტიურად გადაჭრის თვალსაზრისით დღეს არ გვაქვს. „ზაზა გახელაძის პრობლემა გამომდინარეობს იმ რთული თემიდან, რასაც ოკუპაცია ჰქვია. რაც არ უნდა მართალი იყოს სახელმწიფო და ხელში რუსეთის მიერ ოკუპაციის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტი ეჭიროს ხელში და შეეძლოს დასაბუთებული სამართლებრივი პრეტენზიის წაყენება, ოკუპანტ სახელმწიფოსთან ამის მიუხედავადაც კი ეს არის რთული და პრობლემური საკითხი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.