„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში „ღამის კურიერის“ წამყვანის კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა და ჟურნალისტი ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებაში დაადანაშაულა.
მელიას გაღიზიანება იმ კითხვებს მოჰყვა, რითიც ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია იღებდა, თუ არა პასუხისმგებლობას განახლებული ნაციონალური მოძრაობა 2005-2012 წლებში, ანუ წინა ხელისუფლების დროს მომხდარ შეცდომებსა თუ დანაშაულებებზე, რომლებიც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა.
ამის შემდეგ ნიკა მელია ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდა, ვინაიდან ის მიიჩნევს, რომ დღეს, 2021 წელს საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა წინა ხელისუფლების შეცდომებზე კითხვები აღარ უნდა დასვან.
„2021 წელია დღეს და თქვენ მელაპარაკებით 2005 წელზე“, – უთხრა ჟურნალისტს ნიკა მელიამ.
თავის მხრივ, ირაკლი იმნაიშვილი ცდილობდა გადაცემის სტუმრისთვის განემარტა, რომ მოქმედი ხელისუფლების შეცდომებზე პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება და ამ საკითხებზე მწვავე კითხვებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უსვამენ.
ასევე ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, შეიცვალა თუ არა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება წარსულის შეცდომების/დანაშაულებების მიმართ, ვინაიდან ამ პოლიტკურ ძალას აქვს ამბიცია კვლავ მოვიდეს ქვეყნის სათავეში. თუმცა ნიკა მელიამ გადაცემის შეწყვეტა მოითხოვა და მაყურებელს დროზე ადრე დაემშვიდობა.
თავად ჟურნალისტმა ნიკა მელიას განცხადებები მედიაზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა და სტუმარს იქვე კორექტულობისკენ მოუწოდა. ირაკლი იმნაიშვილის თქმით, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, „ღამის კურიერში“ ყველა სტუმრის მიმართ ისმის კრიტიკული შეკითხვები.
გადაცემის შემდეგ ნიკა მელიამ, ფეისბუქში „ღამის კურიერის“ ფოტო შარჟი გამოაქვეყნა, რასაც ჟურნალისტის მიმართ ნაცმოძრაობის აქტივის მიერ შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.