სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ერგნეთის შეხვედრაზე მთელი სიმწვავით დადგება ეს საკითხი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე ისევე, როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში უპირობოდ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევე, როგორც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული პროცესებში.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევე, როგორც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული პროცესებში. ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს საკითხი ისევე, როგორც ყველა ჩვენი უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი, აქტიურად განიხილებოდა როგორც IPRM-ის ფორმატში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე. ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების საოკუპაციო ძალების მიერ არიან უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილნი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ერგნეთის შეხვედრაზე მთელი სიმწვავით დადგება ეს საკითხი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე ისევე, როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში უპირობოდ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.