პრემიერ-მინისტრმა ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დგამენ, რათა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ოჯახს დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს.

„შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს. აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი და საკითხი უმაღლეს დონეზე დაისმება ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო გატაცებები და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები.

საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და მიმართავს პარტნიორებს, სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.