თენგიზ ცერცვაძე:  „როგორ უმკლავდებიან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას საქართველო და სხვა ქვეყნები“

თენგიზ ცერცვაძე:  „როგორ უმკლავდებიან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას საქართველო და სხვა ქვეყნები“

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს სათაურით – „როგორ უმკლავდებიან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლას საქართველო და სხვა ქვეყნები“.

„პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და რამდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმი ცდილობენ, დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაციაა, ქვეყანამ არაფერი გააკეთა შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მოსამზადებლად?! ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია?! სიკვდილობა კატასტროფულად იზრდება?!, საქართველოში აკრძალვები და შეზღუდვები ძალიან მკაცრია, ადამიანებს შიმშილით კლავენ?! და სხვ.

მათ კატეგორიულად არ აინტერესებთ სინამდვილე. ისინი ხელმძღვანელობენ პრინციპით „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. მათ საერთოდ არ ადარდებთ არც ქვეყნის ეკონომიკა, არც ცალკეული ადამიანების ბედი და/ან ჯანმრთელობა. მათი პრინციპია, რაც უარესი, მით უკეთესი. ისინი ცდილობენ სპეკულირებას იმ სიძნელეებით, რომლებიც ქვეყანაში (ისევე როგორც მთელს მსოფლიოში) შეიქმნა COVID პანდემიის გამო და ცდილობენ, აამხედრონ ადამიანები ქვეყნის ხელმძღვანელების, ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმების წინააღმდეგ. ამ ადამიანებს ერთი რამ აქვთ საერთო – არც ერთ მათგანს არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია არც COVID პაციენტების დასახმარებლად და არც იმ ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ვისი ბედითაც ისინი სპეკულირებენ და მანიპულირებენ. მათ ცოცხალი თავით არ უნდათ დაინახონ, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID-19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო COVID საწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (1,25%). ვერც იმას ხედავენ, რომ თუ საქართველოში ბოლო დღეებში გვაქვს გარდაცვალების (სამწუხაროდ) 10-დან 20-მდე შემთხვევა, სხვა ქვეყნებში ეს გაცილებით მეტია. ისინი არც იმას იმჩნევენ, რომ ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით (შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს) საქართველო, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის სისტემატურად ხვდება პირველ ათეულში და ა.შ.“, – წერს ცერცვაძე.