მერილინ მენსონი ძალადობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს

მერილინ მენსონი ძალადობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს

გავრცელებული ბრალდების გამო მომღერალს Loma Vista Recordings-მა ხელშეკრულება გაუუქმა. მომღერალი აღარც სერიალებში Creepshow და American Gods მიიღებს მონაწილეობას.

მას შემდეგ, რაც მერილინ მენსონი ყოფილმა პარტნიორმა, ევან რეიჩელ ვუდმა და ოთხმა სხვა ქალმა ძალადობაში საჯაროდ დაადანაშაულეს, მომღერალმა ბრალდებებს საკუთარ ინსტაგრამზე უპასუხა.

"ჩემი ხელოვნება და ცხოვრება დიდი ხანია, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, თუმცა ჩემ შესახებ ბოლო ბრალდებები რეალობის საშინელი დამახინჯებაა. ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის პარტნიორის თანხმობით მაქვს. მიუხედავად იმისა, თუ რატომ და როგორ ცვლიან სხვები წარსულს, სიმართლე ესაა", — წერს მომღერალი.

"იგი თინეიჯერობისას დამიახლოვდა ურთიერთობის დამყარების მიზნით და მას შემდეგ, წლების განმავლობაში, საზარლად ძალადობდა ჩემზე. ტვინის გამორეცხვით და მანიპულირებით მოახერხა, მორჩილად ვექციე. მე აღარ ვიცხოვრებ შურისძიების, ცილისწამებისა და შანტაჟის შიშში. მე მზად ვარ, გამოვააშკარავო ეს საშიში კაცი მათ წინაშე, ვინც მას გზა გაუხსნა; სანამ იგი სხვების სიცოცხლესაც გაანადგურებს. მე იმ მსხვერპლების გვერდით ვდგავარ, რომლებიც აღარ გაჩუმდებიან", — დაწერა Westworld-ის მსახიობმა გუშინ ინსტაგრამზე.

გავრცელებულმა ბრალდებებმა მერილინ მენსონი უკვე საკმაოდ დააზარალა. Loma Vista Recordings-მა მომღერალთან დადებული კონტრაქტი გააუქმა. მენსონმა კომპანიასთან თანამშრომლობით 2020 წელს მუსიკალური ალბომი We Are Chaos გამოუშვა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ბრალდების შემდეგ კომპანიამ საიტიდან მერილინ მენსონის ვებ გვერდიც წაშალა.

მერილინ მენსონი აღარც სერიალებში Creepshow და American Gods გამოჩნდება. Creepshow-ის ახალ სეზონში მას სხვა მსახიობი ჩაანაცვლებს, American Gods-ის ბოლო სერია კი ეთერში მანამ არ გავა, სანამ სერიიდან მომღერლის მონაწილეობით სცენებს არ ამოჭრიან.