ჯაზის ლეგენდას, ამერიკელ შემსრულებელსა და სუპერვარსკვლავს ტონი ბენეტს ალცჰაიმერის დიაგნოზი აქვს. 94 წლის მუსიკოსმა განცხადება AARP Magazine-დან გაავრცელა.
სტატიის მიხედვით, 20 გრემის მფლობელს ალცჰაიმერის დიაგნოზი უკვე 5 წელია, რაც აქვს. მასში აღწერილია, როგორ მოქმედებს მდგომარეობა ბენეტის მეხსიერებასა და ყოველდღიური ნივთების ამოცნობის უნარზე. როგორც მომღერლის ცოლი, სიუზანი ამბობს, ტონი ყოველთვის ვერ ხვდება, სადაა, ან მის გარშემო რა ხდება.
თუმცა, ბენეტს დაავადების ყველაზე რთული გამოვლინებები — ორიენტაციის დაკარგვა, შიში, ტერორი, დეპრესია და მრისხანება — არ აღენიშნება.
ბენეტის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც სტატიას აანონსებს, ვკითხულობთ:
"სიცოცხლე საჩუქარია, მაშინაც კი, როცა ალცჰაიმერი გაქვს. მადლობა სიუზანსა და ჩემს ოჯახს მხარდაჭერისთვის, ხოლო ჟურნალს ჩემი ისტორიის მოყოლისთვის".
ბენეტის ნევროლოგის სიტყვებით, მუსიკოსს სიმღერა სიმპტომების დამორჩილებასა და მართვაში ეხმარება, ამიტომ ის კვირაში ორჯერ რეპეტიციებს გადის თავის პიანისტთან, ლი მუზიკერთან.
"სიმღერა მისთვის ყველაფერია, მუსიკამ მისი სიცოცხლე რამდენჯერმე იხსნა", — დასძენს მისი ცოლი.
დაავადების მიუხედავად, ბენეტი მუსიკალურ კარიერას არ წყვეტს. ის ლედი გაგასთან ერთად ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც მუსიკოსებმა 2018-2020 წლებში ჩაწერეს. ეს მათი პირველი კოლაბორაცია არაა. გაგამ და ბენეტმა 2013 წელს გამოუშვეს LP, სახელად Cheeck To Cheeck.