ამ რაღაც გაურკვეველი მესიჯების ფრქვევას ჯობია, პარლამენტში შევიდნენ და ქვეყანას ემსახურონ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც „გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ შეგვიძლია, მოვისმინოთ ძალიან ბევრი შეფასება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. მაგრამ რეალობა არის ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა; მათი გადაწყვეტილებით, როგორ წარმოუდგენიათ და ვინ უნდათ, ნახონ ამ პარლამენტში, ისე გადანაწილდა, რომ „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია უმრავლესობით. შემდეგ არის სხვა პარტიები, რაც მნიშვნელოვანია პარტიული მრავალფეროვნების თვალსაზრისით და ეს მისასალმებელია. შესაბამისად, ამ რაღაც გაურკვეველი მესიჯების ფრქვევას ჯობია, პარლამენტში შევიდნენ და ემსახურონ ქვეყნას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, სამწუხარო რეალობააა ის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული ლიდერები გახდნენ ამ პარტიის მძევლები, ეს არის მძიმე თემა და მწუხარება, რომელსაც გამოვხატავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გამიხარდება, თუ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავ და იქ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობასა და უფლებამოსილების განხორციელებას, რადგან საზოგადების გარკვეულმა ნაწილმა მათ, კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პარტიებს გამოუცხადა მხარდაჭერა, – აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
იგი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხსაც გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია იმის მიხედვით, თუ რა მხარდაჭერა მიიღო, წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში.
„შეუწყდეთ თუ არა უფლებამოსილება, თუ პარლამენტში არ შედიან, ამაზე იმსჯელებენ და ჩემი გადასაწყვეტი არ არის. პარლამენტი საკმაოდ კომპეტენტური ადამიანებითაა დაკომპლექტებული და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღებაში შეზღუდული არავინაა, ყველა თავისუფალია და აქვს საშუალება, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.