ევროკომისიის პრეზიდენტი: კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად არააუცილებელი მგზავრობის შეჩერება საჭიროა

ევროკომისიის პრეზიდენტი: კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად არააუცილებელი მგზავრობის შეჩერება საჭიროა

„შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათთვის, ვინც მეზობელ სახელმწიფოში მუშაობს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ტვირთების გადასაზიდად, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად არააუცილებელი მგზავრობის შეჩერება საჭიროა“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ევროპაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისევ ძალიან მძიმეა. ვაქცინის გამო გვაქვს იმედის საფუძველი, მაგრამ კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელება გვაშფოთებს.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და ვუზრუნველყოთ ვაქცინის მიღება, დისტრიბუცია და არსებული დოზის ეფექტიანად გამოყენება. ვაქცინის დისტრიბუცია წევრ ქვეყნებში პროგნოზირებადი უნდა იყოს და სტაბილურად მიმდინარეობდეს.

ჩვენ გვჭირდება ტესტირების გაზრდა და მონაცემის შესწავლა. პანდემიის რეჟიმში ვართ და ჯერ კიდევ ადრეა კორონავირუსზე სრულად კონტროლის დამყარება. ეფექტიანი შეზღუდვების შერჩევა და დაწესებაა საჭირო, რომ ევროკავშირის შიდა საზღვრები ღია იყოს.

ჩვენ ვაპირებთ კორონავირუსის გავრცელების რუკა შევცვალოთ და ეს აუცილებელია ახალი შტამის გავრცელების რისკების გათვალისწინებით. განვიხილავთ, დავაწესოთ წითელ ზონებთან ერთად მუქი წითელი ზონებიც.

მუქი წითელი ზონის კატეგორიას მიეკუთვნებიან ქვეყნები, სადაც კორონავირუსის გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება. მუქი წითელი ზონებიდან მგზავრები ვალდებულები იქნებიან, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე COVID19-ზე ტესტი გაიკეთონ და სავალდებულო კარანტინსაც დაექვემდებარებიან.

ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც არაუცილებელი მგაზავრობის შეწყვეტაა საჭირო.
ევროკავშირის საზღვრები უნდა იყოს ღია, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათთვის, ვინც მეზობელ სახელმწიფოში მუშაობს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ტვირთების გადასაზიდად, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად არააუცილებელი მგზავრობის შეჩერება საჭიროა.

რაც შეეხება ევროკავშირის გარე საზღვრებს. ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამატებით ზომებს მივიღებთ. მოვითხოვთ COVID19-ზე ტესტს. არააუცილებელ მგზავრობაზე რეკომენდაციებს მომავალ კვირაში გამოვაქვეყნებთ. გადაწყვეტილებები წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ, მაგრამ კოორდინაციისთვის და საერთო მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციებს ევროკომისია ამზადებს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.