ძველი და ახალი “ბასიანი“

ძველი და ახალი “ბასიანი“

დღეს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქრთველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლის “ბასიანის” შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ანსამბლი ამ კონცერტით თავისი დაარსების 10 წლისთავსაც აღნიშნავს. შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები და საეკლესიო საგალობლები.

 

საპატრიარქოს ანსამბლი “ბასიანი“ სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქის  ლოცვა-კურთხევით 2000 წელს შეიქმნა. დაარსებიდან დღემდე “ბასიანმა” სახელი გაითქვა, არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად ნიუ-იორკში, ლინკოლნ ცენტრში. ”ბასიანი” პირველი  ქართული ანსამბლია, რომელმაც ამერიკის ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ  დარბაზში ქართული ტრადიციული სიმღერა – გალობა გააჟღერა.

 

ანსამბლი მსოფლიოში ცნობილ ეთნომუსიკოლოგებთან თანამშრომლობს. მეცნიერებმა კვლევა ქართულ  მრავალხმიანობაზე “ბასიანის” ცოცხალი ილუსტრირების მაგალითზე წარმოადგინეს. ანსამბლი სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენლობაში არსებობს და პატრიარქის აღვლენილ ყველა ღვთისმსახურებაში იღებს მონაწილეობას.

 

ფესტივალი დაარსდა 1997 წელს, კონსერვატორიის რექტორის, მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. იგი ყოველწლიურად იმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება. 12 წლის მანძილზე “საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებში“ მონაწილეობა მიიღო არა ერთმა გამოჩენილმა კომპოზიტორმა, შემსრულებელმა თუ კოლექტივმა:

 

გია ყანჩელმა, დიმიტრი ბაშკიროვმა, ელენე ობრაზცოვამ, ალექსანდრე კორსანტიამ, ლიანა ისაკაძემ, ლევ მარკიზმა, ვლადიმერ სპოვაკოვმა, პაატა ბურჭულაძემ, იანო ალიბეგაშვილმა, ლიზა ლეონსკაიამ, ოლეგ მაიზენბერგმა, ჟერარ პულემ, ფრანსუა ლოლომ, ლეონიდ ჩიჟიკმა, ბილი კობემმა, სიმებიანმა კვარტეტმა „იზაი“, ევროკავშირის კამერულმა ორკესტრმა და სხვა...

 

წლევანდელი ფესტივალი ტრადიციულად მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების მსმენელზეა გათვლილი; 6 კონცერტის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საოპერო მუსიკა, კლასიკური გიტარა, საფორტეპიანო მუსიკა, ფოლკლორი; ქართველი მელომანები შეხვდებიან მსოფლიოში აღიარებულ ისეთ შემსრულებელებს როგორიცაა: ხატია ბუნიათიშვილი, ბორის ბერეზოვსკი, ალექსანდრე კორსანტია.

 

ტრადიციულად ფესტივალზე ერთი კონცერტი ეთმობა ფოლკლორს – ფესტივალს გახსნის ანსამბლი “ბასიანი“; ასევე გაიმართება კლასიკური გიტარის საღამო ანდრაშ ჩაკის მონაწილეობით; ერთი საღამო დაეთმობა პიანისტთა თბილისი V საერთაშორისო კონკურსის ლაურეატებს; საოპერო მუსიკის კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო დანიელა პინი, ტენორი იანგ იანგი, თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით.