სემეკს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

სემეკს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში სემეკში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებთან. ამასთანავე, ექსპერტთა დასკვნაში ხაზგასმულია სემეკის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, ყურადღება გამახვილებულია სემეკში ახლახანს დანერგილ შეფასების სისტემის ეფექტურობაზე.

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა 2020 წლის იანვრიდან დაიწყო. ჩატარდა კონსალტინგური სამუშაოები და განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც უშუალოდ შეეხება იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევას, სატარიფო პოლიტიკის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სემეკის საქმიანობის საჯაროობას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მათ პრეტენზიებზე რეაგირების საკითხებს. განისაზღვრა სემეკის საქმიანობასა და მის მიზნებთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები. ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტი ეყრდნობა პროცესზე დაფუძნებულ მიდგომას და აერთიანებს PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე) ციკლს, ასევე რისკების შეფასებაზე დაფუძნებულ პრინციპებს.

„ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატის მიღება ნიშნავს იმას, რომ სემეკის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მისაღებად სემეკში განხორციელებულ სამუშაოების პროცესს თუ შევაფასებთ, იგი ინტერაქტიული და შედეგზე ორიენტირებული იყო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხარისხის მართვის გაუმჯობესება სისტემატურად მოხდება მომხმარებლის მოთხოვნის, ნორმატიული და მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესში. საქმიანობის ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს სემეკი ყოველწლიურად განახორციელებს”, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო, უნივერსალური სტანდარტია. მისი ძირითადი პრინციპებია ორგანიზაციის საქმიანობის მუდმივი დახვეწა და გაუმჯობესება, მომხმარებელზე ორიენტაცია, მტკიცებულებებზე დაფუძლებული გადაწყვეტილებების მიღება.