სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გოდერძი გორგილაძე გახდა. მას უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო 1000 ლარი, კონკურსის პრიზი და სილქნეტის სპეციალური საჩუქარი გადაეცა. გამარჯვებული 2021 წლის კონკურსის ლიტერატურული ჟიურის წევრი გახდება. 26 დეკემბერს ონლაინ დაჯილდოებაზე ასევე გამოვლინდნენ კონკურსის მეორე და მესამე ადგილის მფლობელები - დავით კილაძე და ანი კილაძე, რომლებიც შესაბამისად 700 და 500 ლარის ოდენობის ჯილდოთი და პრიზებით დასაჩუქრდნენ.
“ძალიან გახარებული ვარ. მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩემთვის. მადლობა ყველას. არ მეგონა თუ 2020 წელი ასე, ბედნიერად დასრულდებოდა ჩემთვის“,-განაცხადა გოდერძი გორგილაძემ.
წელს ლეგენდის დაჯილდოება იმპროვიზაციული ტურის მსგავსად უჩვეულოდ - ონლაინ პლატფორმის გამოყენებით და გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა, თუმცა საზეიმო განწყობა და მოულოდნელი გამარჯვებით გამოწვეული სიხარული მაინც შენარჩუნდა. ჟიურის წევრებმა კონკურსის 10 ფინალისტიდან საუკეთესო სამი ავტორი დაასახელეს, კონკურსის ფინალური ნაშრომებისგან შემდგარი კრებული კი საჩუქრად ყველა მონაწილეს გადაეცა.
როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, “წლევანდელი შემოდგომის ლეგენდა მართლაც არაჩვეულებრივ რეჟიმში წარიმართა. დისტანციურად მოგვიწია ჩატარება. თუმცა, ძალიან დიდი იყო ინტერესი, რამდენიმე ასეული სტუდენტი ჩაერთო ამ პროცესში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვატარებთ შემოდგომის ლეგენდას უკვე მეთორმეტე წელიწადია და წელს იყო ყველაზე მეტი მონაწილე. 10 ფინალისტი შეირჩა და მათი ნაწარმოებები დაბეჭდიი არის უკვე და გამოცემულია. და ეს არის პირველი ნაბიჯები მათი შემოქმედებითი კარიერის მიმართულებით”
დაარსების დღიდან ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად კახეთში იმართება, თუმცა პანდემიის გავლენით და ქვეყანაში შექმნი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლეგენდა წელს უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა. წერის მარათონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით, სოციალური დისტანციისა და დაცვის საშუალებების გამოყენებით გაიმართა. იმპროვიზაციული ტურში მონაწილეობა პირველი ტურის შედეგად გამოვლენილმა 10-მა ფინალისტმა მიიღო. მათ ლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში, ახალ ნაშრომები შექმნეს.
„სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ლიკა მეტრეველის განცხადებით, დისტანციურ რეჟიმის მიუხედავად, ლეგენდა ჩვეულ რეჟმში ატარდა, და მასში ბევრი საინტერესო მონაწილე იყო წარმოდგენილი. მისივე სიტყვებით, „წლევანდელი შემოდგომის ლეგენდა შედგა ისევე წარმატებულად, როგორც წინა წლების, გავართვით თავი ამ გამოწვევას და წარმატებით ჩავატარეთ ეს პროექტი. ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებულები და გამოიცა ბროშურა 10 ფინალისტის მიერ დაწრეილი ნაწარმოებების“.
წელს სიახლე იყო ლიტერატურული ჟიურის შემადგენლობაშიც, მწერალთა ტრადიციულ სამეულს - დათო ტურაშვილს, თეონა დოლენჯაშვილს და მაკა ლდოკონენს ორი ახალი წევრი - ანა კორძაია-სამადაშვილი და დავით გაბუნია შეემატნენ, ჟიურის წევრი იყო შარშანდელი გამარჯვებული ცოტნე ავსაჯანიშვილი, ხოლო მსოფლიოში დისტანციური რეჟიმის გააქტიურებამ, შესაძლებელი გახდა ჟიურის შემადგენლობაში ყოფილიყო ამერიკაში მცხოვრები ქართველი მწერალი დავით ქართველიშვილი.
ჟიურის მუდმივი წევრის, მწერალ მაკა ლდოკონენის შეფასებით, შემოდგომის ლეგენდამ, თანამედროვე გამოწვევებსაც გაუძლო და დროს უპასუხა. „ძალიან კარგი თაობა იყო წელს წარმოდგენილი და თითოეული მოთხრობა იმსახურებდა პლიუს ქულას და ბევრ პლიუს ქულას. მადლობა მინდა ამისთვის გადავუხადო მონაწილეებს, იმ სტუდენტებს, რომლებმაც ეს გამოწვევა მიიღეს წლევანდელი, მიუხედავად ამ განსხვავებული პირობებისა და შექმნეს საინტერესო ნაწარმოებები ორიგინალური სათაურებით, სიუჟეტებით”,-აღნიშნა მაკა ლდოკონენმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტი 2009 წლიდან ხორციელდება და ის განკუთვნილია მათთვის, ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. 2020 წელს კონკურსი კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთნენ.