2020 წლის 29 დეკემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომელიც იუსტიციის სისტემის შემოწმების შედეგად გამოქვეყნდა. სიუჟეტში ითქვა, რომ 2017 წელს განხორციელებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯო მასალების ინვენტარიზაციის შედეგად 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმით, კომისიამ გამოავლინა 893,577 ლარის დანაკლისი. ამავე ოქმში მოცემული განმარტებით დანაკლისი განპირობებული იყო წინა პერიოდებში მედიკამენტების აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმების არ არსებობით. ასევე აღინიშნა, რომ 2018 წელს საწყობში ჩატარებული ინვენტარიზაციით, დგინდება 915,049 ლარის დანაკლისი. სიუჟეტის ბოლოს კი სიუჟეტის ავტორმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერზე საინტერესოა თეა წულუკიანის და მისი მოადგილის პასუხი, რაკი ეს დანაკლისები სწორედ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდს ემთხვევა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ვერც თეა წულუკიანი და ვერც მისი მოადგილე ვერ იქნებიან პასუხისმგებლები იმ დანაკლისებზე, რაც აუდიტის დასკვნაში არის მოცემული, ვინაიდან დანაკლისები გამოვლენილია იმ პერიოდში, სანამ 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდოდა.
უფრო მეტიც, სწორედ თეა წულუკიანის და მისი მოადგილის (სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის) ინიციატივით, 2019 წელს დაიწყო ინვენტარიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები პენიტენციურ სისტემაში და ვინაიდან ეს არის საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესი, ინვენტარიზაცია დაიწყო 2020 წელს. მათ შორის 2020 წლის ივლისში დაიწყო სამედიცინო დეპარტამენტის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა სწორედ ზემოთხსენებული პერიოდის (პენიტენციური სისტემის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადასვლამდე პერიოდის) დანაკლისები. ინვენტარიზაცია დასრულდა 2020 წლის დეკემბერში და მოკვლეული მასალები გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს.