არა თავად ვირუსი, არამედ იმუნური სისტემის ანომალური რეაქცია, იმუნური სისტემის დისრეგულაციაა პასუხისმგებელი იმ უბედურებებზე, რაც შემდეგ კორონავირუსის ინფექციას მოჰყვება, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, თერაპევტმა კახა ჭელიძემ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის მიერ გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებაზე საუბარი დღეს ძნელია, თუმცა, შესაძლებელია შემცირდეს ის დანაკარგი, რასაც კორონავირუსი ორგანიზმს აყენებს.
„ეს გახლავთ ვირუსის მიერ დანთებული ცეცხლი, რომელიც სიმპტომების გამოვლენიდან პირველ კვირაში აქტიურდება, ვირუსის გამრავლება მცირდება და სწორედ ამ დროს იღვიძებს არაადეკვატური რეაქციის სახით ჩვენი იმუნური სისტემა. 100-დან 20%-ის შემთხვევაში იგი არანორმალური ისტერიით პასუხობს ამ პროცესს. ანუ, მინავლებულ ცეცხლს ზემოდან ნავთს ასხამს, მარტივად რომ ვთქვათ. სწორედ არა ვირუსი, არამედ მერე იმუნური სისტემის ეს ანომალური რეაქცია, ანუ იმუნური სისტემის დისრეგულაციაა პასუხისმგებელი იმ უბედურებებზე, რაც მოჰყვება შემდეგ ამ ინფექციას. შესაბამისად, შედეგი რომ შემცირდეს, ამისთვის არსებობს პათოგენეზური მკურნალობის ფორმულა, მოდით ასე ვთქვათ. ეს არის ანტიოქსიდაციური და იმუნომოდულაციური საშუალებები, რომლებიც ძირითად იარაღს გამოართმევს ხელიდან ამ ისტერიულ მდგომარეობაში მყოფ იმუნურ სისტემას. ეს არის ოქსიდაციური სტრესი“, - განაცხადა თერაპევტმა, კახა ჭელიძემ.
მისივე თქმით, ანტიოქსიდანტებსა და იმუნომოდულატორებს უკვე ფართოდ გამოიყენებენ სპეციალისტები ჰოსპიტალური მკურნალობის დროს, მათ შორის პოსტკოვიდურ პერიოდშიც მოსალოდნელი გართულებების დროს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.